„კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი პარტია „ლელო“, სინამდვილეში, მხოლოდ თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისათვის შექმნილი ორგანიზაციაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ საქართველოსთან საარბიტრაჟო დავის წაგებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, ყველას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა, თუ რისთვისაა ქართული ოპოზიცია პოლიტიკაში. მისივე თქმით, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა.
„გუშინ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ყველას კარგად დაანახა, თუ რისთვისაა მოსული პოლიტიკაში ქართული ოპოზიცია.
ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით და ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩევლებს, ქართველ ხალხს, რომ იმ პათეტიკური და ძალად ემოციური გამოსვლების უკან, რომლითაც „ლელოს“ სახეები გამოირჩევიან, სინამდვილეში მანკიერი და საქართველოს დამაზიანებელი ინტერესები დგას.
პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, საფუძველი გამოაცალა „ლელოს“, როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს, როგორც პოლიტიკოსებს, ვინაიდან ამ პარტიის შექმნის მთელი პრეისტორია, მათი მხრიდან, სამ პოსტულატს უკავშირდებოდა: პირველი – თითქოს საქართველომ ჩაშალა ანაკლიის პროექტი; მეორე – თითქოს საქართველომ ზიანი მიაყენა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას და მესამე -თითქოს ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი საქმე უსაფუძვლო იყო.
ამ სამი ბრალდებით, ისინი ცდილობდნენ, საკუთარი თავისგან შეექმნათ მსხვერპლი და სამართლიანობისთვის მებრძოლად წარმოჩენილიყვნენ. თუმცა, პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.