შალვა პაპუაშვილი: თვალთმაქცობაა, როცა ფიქრობ, რომ შენი ქვეყნის ოკუპაცია დონბასის ოკუპაციით დაიწყო

„როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არა 90-იან წლებში, არამედ 2022 წლის 24 თებერვალს. სინამდვილეში, მათ რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიძულეს. ასე გამოდის”, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იურმალაში ქართველი მომღერლების ალა პუგაჩოვასთან შეხვედრის შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების ქმედებები რუსი ტურისტების მიმართ .

„გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პროპაგანდისტები სხვადასხვა სფეროში, ომის შემდეგ როგორ ხვდებოდნენ საზღვარზე ტურისტებს, როგორ დადიოდნენ რუსეთში, ატარებდნენ კონცერტებს. ეს ყველაფერი ხომ გვახსოვს? შეიძლება, ახალგაზრდა თაობას 2008-2011 წლები იმდენად კარგად არ ახსოვს, ამიტომ უნდა შევახსენოთ, თუ რამხელა ფარისევლობასთან და თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე, როდესაც დღეს, თითქოს, გარკვეული საზოგადოებრივი კლასი წარმოიქმნა, რომელსაც ყველაფერი რუსული სძაგს. ოღონდ ეს „სძაგს“ 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც ომი გაჩაღდა ჩვენი ქვეყნიდან რამდენიმე ასეული თუ ათასი კილომეტრის იქით.

როდესაც ჩვენს ქვეყანაში, აქ, თბილისთან გაჩაღებული ომი იყო და ეს ომი ოკუპაციით დასრულდა, ამის შემდეგ, თითქოს, არავის სძაგდა ისე ეს რუსეთი და დადიოდნენ, კონცერტებს ატარებდნენ, ტურისტებსაც ხვდებოდნენ და ა.შ. ამიტომ, ეს არის სამწუხარო თვალთმაქცობა, როცა ფიქრობ, რომ შენი ქვეყნის ოკუპაცია დაიწყო დონბასის ოკუპაციით. სამწუხარო მოვლენა არის და მნიშვნელოვანია, რომ ამას საზოგადოებამ შესაბამისად შეხედოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ