დავით ქართველიშვილი: ვისაც ხელისუფლების საარჩევნო გზავნილები: „მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა“ აღიზიანებს, გადაიკითხოს – რა მოვლენები ვითარდება ვენესუელაში, რისი განმეორება სურთ ჩვენთან და საკუთარ თავში ნორმალურ და სულელ ადამიანს შორის არჩევანი გააკეთოს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

„იქ ვითარდება ზუსტად ის სცენარი, რომელზეც ძირითადი ფსონი აქვს გაკეთებული კოლექტიურ „სანაცეთს“ – გოცირიძეთი დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული“, – წერს ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ – საქართველოში სურთ ის, რაც ახლა ვენესუელაში ხდება.

ექსპერტის განმარტებით, ვენესუელაში გადატრიალება კლასიკური მეთოდით მიმდინარეობს მიზეზი კი, თითქოს გაყალბებული არჩევნებია. მისი თქმით, სწორედ ეს არის რადიკალური ოპოზიციის გეგმები საქართველოში.

„მოკლედ, თავისი „ჭკუით“ გადადიან წინასაარჩევნო შეტევაში. როგორც ყოველთვის – არა ტვინით თვისით, არა პროგრამული პაექრობის ჭიდილით, არამედ გარეშე ძალების ხარჯზე და სხვის „სამზარეულოში“ ცნობისმოყვარე ცხვირის ჩაყოფით. ამჯერად მათი მზერა მიპყრობილია ვენესუელისკენ, სადაც „გლობალური ომის პარტიამ“ იქ 2019 წელს წამოწყებული რევოლუციური გადატრიალება უნდა მიიყვანოს სანუკვარ დასასრულამდე – მადუროს მიერ მოგებული არჩევნები გაყალბებულად და ბათილად უნდა გამოაცხადონ. მე უკვე შეგახსენეთ, რით დაიწყო ვენესუელას „კარტის“ გათამაშება (geo-first.com/trampi-vs-demokratebi-msgavseba) – ამჯერად იქ ვითარდება ზუსტად ის სცენარი, რომელზეც ძირითადი ფსონი აქვს გაკეთებული კოლექტიურ „სანაცეთს“ – გოცირიძეთი დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული. „ვენესუელა! ვენესუელა!“ – ბღავიან ისინი მეორე დღეა – „ჩვენც მასე გვინდა, როგორც იქ არის, მასე გვინდა!“. მაგრამ თქვენს „გინდას“ და ჩვენს „არ აგარევინებთ“ შორის გადაულახავი უფსკრულია. ამჟამად ვენესუელაში, კლასიკური მეთოდით ვითარდება გადატრიალების მცდელობა – არჩევნების გაყალბების საბაბით. უკვე ჩამოაგდეს უგო ჩავესის ძეგლი, მოტოციკლეტს გამოაბეს მისი თავი და ასე ათრიეს ქუჩებში. ასევე გაშმაგებით ხევენ ქუჩებში მადუროს წინასაარჩევნო უზარმაზარ ბილბორდებს. ლათინო და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოთა ნაწილმა არ აღიარა არჩევნების შედეგები. მოსალოდნელად მიულოცა მადუროს პუტინმა, ხოლო აშშ კი, ფრთხილი განცხადებით შემოიფარგლა: ბლინკენის თქმით – ყველა ხმა უნდა იყოს დათვლილი.

მადუროს წინააღმდეგ გაილაშქრა ვენესუელის შეიარაღებულმა კრიმინალურმა სამყარომ, კარაკასთან მისასვლელი ცენტრალური ტრასები გადაკეტილია, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის არის სისხლიანი შეჯახებები, საყოველთაოდ ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს პოლიციისა და ჯარის ნაწილი აღარ ასრულებენ მადუროს ბრძანებებს – რაც არ ჰგავს სიმართლეს. ვენესუელას ქალაქების ქუჩებში ხალხმა დაიწყო მაროდიორობა, თუ სადმე რამე ეგულებათ – ყველაფერს ძარცვავენ. დღევანდელი ღამე ალბათ იქნება გადამწყვეტი: თუ მადურომ მოახერხა ხვალ მხარდამჭერების გამოყვანა – მაშინ სრული ლეგიტიმაცია ექნება, სასტიკად გაუსწორდეს თავის „მტრებს“. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამართლდება მადუროს წინასაარჩევნო დანაპირები – „ან ვიქნები მე – ან იქნება ომი“. იგრძნობა სამოქალაქო ომის დიდი ალბათობა, რომლის შედეგადაც ვენესუელაში „მშვიდობის დამყარების“ პროცესში აქტიურად ჩაერევიან მეზობლები, ქვეყნის უზარმაზარი ნავთობის მარაგების ხელში ჩაგდების მიზნით.

ეს არის ჩვენი ნაცების საქართველოსთვის მოსარგები სცენარი, ეს არის მოვლენათა ის განვითარება, რომელსაც ნატრულობენ ჩვენთვის. ყოველგვარი განსხვავებულობის განურჩევლად: საქართველოსა და ვენესუელას, ქართველებსა და ვენესუელელებს, ქვეყნის ეკონომიკებს (ვენესუელაში საშუალო ხელფასი 18 დოლარია), ჩვენს ხელისუფლებებს შორის – იქ მიმდინარე პროცესების აქ ბრმა კალკირებით, მეორე დღეა გვესმის, „გვინდა! ისევე გვინდა, როგორც ეს ვენესუელაშია!“. ვისაც ხელისუფლების საარჩევნო გზავნილები: „მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა“ – აღიზიანებს და ყელში ამოუვიდა, გადაიკითხოს კიდევ ერთხელ, რა მოვლენები ვითარდება დღეს ვენესუელაში, რისი განმეორება სურთ ჩვენთან, და საკუთარ თავში ნორმალურ და სულელ ადამიანს შორის არჩევანი გააკეთოს! ოღონდ თავისთვის გააკეთოს – ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში, ამ ქვეყნის მოსახლეობის ნორმალურ უმრავლესობას ამით ვერ გააგიჟებთ! ამ ქვეყანაში უფლის, ღვთისმშობლის, ზეციურ წმინდათა ასი ათასობით დასის და მათ ამქვეყნიურ საყრდენს: ქრისტესმოყვარე მთავრობას, მხედრობას და მორწმუნე საზოგადოებას – ვერ ააყირავებთ და ვერ დაამარცხებთ! დაოკდით, შეპყრობილებო!!!“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ