Telegram-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მას 12 სხვადასხვა ქვეყანაში 100-ზე მეტი ბიოლოგიური შვილი ჰყავს
Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა თავის ტელეგრამ-არხში განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ბიოლოგიური შვილის მამა გახდა.
„როგორ არის ეს შესაძლებელი კაცისთვის, რომელსაც არასოდეს ჰყოლია ცოლი და მარტო ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას?“ – დაწერა მან პოსტში.
ბიზნესმენმა განმარტა, რომ 15 წლის განმავლობაში სპერმის დონორი იყო. პირველად ასეთი თხოვნით მას მეგობარმა მიმართა, რადგან ის და მისი ცოლი შვილს ვერ აჩენდნენ. „ძალიან ბევრი ვიცინე, სანამ მივხვდი, რომ სერიოზულად მეუბნებოდა“, – აღნიშნა დუროვმა და მეგობრის დახმარებას დათანხმდა.
მოგვიანებით, კლინიკის ხელმძღვანელმა ბიზნესმენს უთხრა, რომ მსოფლიოში „მაღალხარისხიანი დონორული მასალის“ დეფიციტია. მაშინ Telegram-ის დამფუძნებელმა სპერმის ჩაბარება რეგულარულად დაიწყო, რადგან ეს თავის „მოქალაქეობრივ ვალად“ მიაჩნდა. ამ ეტაპზე, მისმა დონორულმა მასალამ, 12 ქვეყანაში 100-ზე მეტ წყვილს აჩუქა შვილი.
ახლა ბიზნესმენი თავის დნმ-კოდის გასაჯაროებას აპირებს, რათა მის ბიოლოგიურ შვილებს ერთმანეთის პოვნაში დაეხმაროს. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს.
„ჯანმრთელი სპერმის დეფიციტი სულ უფრო სერიოზული პრობლემა ხდება მთელ მსოფლიოში. ამაყი ვარ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ასევე, მინდა, სპერმის დონორობის ცნებას სტიგმა მოვხსნა და უფრო მეტ ჯანმრთელ კაცს მოვუწოდო ამის გაკეთებისკენ“, – განაცხადა დუროვმა.