უოტფორდის მთავარი მწვრთნელი: ჩაკვეტაძეს დიდი მოტივაცია აქვს, რომ მოახდინოს შთაბეჭდილება და ეს ნამდვილად გააკეთა

უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე ძალიან დადებითად ისაუბრა.

გიორგი ჩაკვეტაძემ პრესეზონზე პირველი მატჩი ჩაატარა, გოლიც გაიტანა – უიკომ უონდერერსის წინააღმდეგ.

მატჩის შემდეგ, რომელიც უოტფორდმა 2:3 წააგო, ქართველ ფეხბურთელზე მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ ილაპარაკა, რომელმაც გიორგი შეაქო:

„გიორგის დაბრუნება და საუკეთესო ფორმაში დაბრუნება, ბოლო დღეების ძალიან დიდი პოზიტივია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მომწონს. ჭკვიანია, მოედანზე კარგად პოზიციონირება შეუძლია და ბურთით მაღალი ხარისხი აქვს. ჩემი და ჩემი სტაფის საქმეა, მის ძლიერ მხარეებს დავუმატოთ გოლები და საგოლე პასები. დიდი მოტივაცია აქვს, რომ მოახდინოს შთაბეჭდილება და ეს ნამდვილად გააკეთა”, – განაცხადა ქლევერლიმ.

უოტფორდის მწვრთნელმა ასევე თქვა, რომ გიორგის და ტომ ინსს 10 ნომრის პოზიციაზე მოიაზრებს: „გვინდა, რომ ისინი ხაზებს შორის მოქმედებდნენ. ვფიქრობ, რომ გიორგი და ინსი ჭკვიანი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ამ როლის შესრულება კარგად შეუძლიათ”.

უოტფორდი მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 3 აგვისტოს, ბრენტფორდთან, ხოლო ჩემპიონშიპის პირველ ტურში 10 აგვისტოს, მილუოლს სტუმრად შეხვდება.

ასევე იხილეთ