ბექა ოდიშარია: ხაზარაძე და ჯაფარიძე ითხოვდნენ ქართველი ხალხისგან იმდროინდელი ბიუჯეტის 25%-ს და ამ მოთხოვნით, პრაქტიკულად, ანადგურებდნენ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას

ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში აფასებენ. როგორც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, „ლელოს“ ლიდერები ქართველი ხალხისგან ბიუჯეტის 25% ითხოვდნენ, თუმცა პასუხად მიიღეს ის, რომ არიან დამნაშავეები და საკუთარი სარჩელის მიხედვითვე დამარცხდნენ.

„ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილის ამ პრეტენზიებს საკუთარი ქვეყნის მიმართ და პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ზედ აკვდება გამონათქვამი, რომ თაგვმა თხარა, თხარა, კატა გამოთხარა. საკუთარი სარჩელის მიხედვით, ისინი დამარცხდნენ. ითხოვდნენ საქართველოსა და ქართველი ხალხისგან იმდროინდელი ბიუჯეტის 25%-ს და პრაქტიკულად, ანადგურებდნენ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ამ მოთხოვნით. მიიღეს საპასუხოდ, რომ ისინი არიან დამნაშავეები და თურმე „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ განხორციელდეს ანაკლიის პროექტი“, – განაცხადა ოდიშარიამ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

ასევე იხილეთ