ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია „Jan De Nul“ გამოვლინდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია  „Jan De Nul“ („იან დე ნული“) შეირჩა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.

სატენდერო კომისიამ არჩევანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე შეაჩერა. ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში. ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს. ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა,  დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები. ამდენად, მისი მშენებლობისა და განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს მხოლოდ მაღალი რეპუტაციის კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. ამის ნათელი მაგალითია ბელგიური კომპანია „იან დე ნული“, რომელიც სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პროექტია. მისი მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია – დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. მეტიც, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც  გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია.

ასევე იხილეთ