პროკურატურამ სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 6 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ თავდასხმას და ანგარიშსწორების მიზნით 19 მაისს, სენაკში დანებით შეიარაღებულები მივიდნენ ძმების, თ.გ.-ს და ა.გ.-ს საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობა და ანგარიშსწორება ძმებზე და მათთან ერთად მყოფ პირზე განახორციელეს, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე 6 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის I და II ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხელმძღვანელობა და მონაწილეობა) დაუსწრებლად წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე იხილეთ