ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთნენ
„აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი“ – „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ და ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გავრცელება, სისხლის უანგარო დონორთა რიცხვის გაზრდა და პაციენტებისათვის სისხლის კომპონენტების უწყვეტი მიწოდება. „სისხლის ცენტრი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და სისხლის კომპონენტებს 50-ზე მეტ ჰოსპიტალსა თუ კლინიკას აწვდის.
ჯანმრთელი ადამიანისათვის დონაცია სრულიად უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი პროცესია, რომელიც 15 წუთი გრძელდება და დონორის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. პირიქით, აძლიერებს იმუნურ სისტემას სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებით. გარდა ამისა, დონორს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან დონაციის პარალელურად განისაზღვრება დონორის სისხლის ჯგუფი/რეზუსი და ჰემოგლობინის დონე, ხოლო დონაციის შემდეგ სისხლი მოწმდება 4 სახიფათო ინფექციაზე.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, პერმანენტულად ერთვება უანგარო დონაციის აქციებში, სადაც თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, მეტი გაიგონ ამ მნიშვნელოვან თემაზე და თავადაც გახდნენ დონორები. გაღებული სისხლით ერთ დონორს მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია.