საქართველომ ოლიმპიადაზე მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) სადებიუტო ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა. იგი ფინალში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო და კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
23 წლის სპორტსმენმა ფინალამდე იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს – იაპონელ აარონ ვოლფს ვაზარით სძლია, ნახევარფინალში კი შვეიცარიელ დანიელ აიხთან იპონით გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიადაზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.
ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი.
ილია სულამანიძის დღეს მოპოვებული მედალი დამოუკიდებელი საქართველოს 43-ე ოლიმპიური მედალია. ეს არის მე-14 ოლიმპიური ვერცხლის მედალი, რომელთაგან შვიდი ძიუდოისტების ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველი მოკრივე ლაშა გურული მეოთხედფინალში ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში ოლიმპიურ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.
2 აგვისტოს ასპარეზობაში ჩაერთვება კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი – გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი. ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას შეეცდება ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა. სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოვა მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე კი 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს – 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს – 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 250 000 ლარს გადასცემს.