გიორგი ამილახვარი მასშტაბურ სტაჟირების პროგრამაზე: კონკურსანტებისთვის შეთავაზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, თვითმმართველი ორგანოები ყველა ტერიტორიულ ერთეულში, რადგან პროგრამა ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ სტაჟირების პროგრამაზე ისაუბრა და განმარტა, რომ კონკურსანტებს საშუალება ექნებათ, მათთვის შეთავაზებულ სახელმწიფო უწყებაში გაიარონ სტაჟირება და წარმატებით დასრულების შემდეგ, დარჩნენ იმავე უწყებაში სამუშაოდ.
სტაჟირების პერიოდში კი კონკურსანტების ანაზღაურება 500 ლარი იქნება.
„კონკურსანტებისთვის შეთავაზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, თვითმმართველი ორგანოები ყველა ტერიტორიულ ერთეულში, რადგან პროგრამა ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის. ანაზღაურება იქნება დარიცხული 500 ლარი. აგვისტოში მთლიანად დამთავრდება აღნიშნული შერჩევის პროცედურა.
სტაჟიორებს ეყოლებათ თავიანთი მენტორები ადგილზე და შეეცდებიან, რომ ყველანაირად ხელი შეუწყონ, როგორც გრაფიკში, ასევე სამუშაოს ათვისებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი დიდი რაოდენობა დარჩება და ძირითად თანამშრომლად გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
პროგრამის ფარგლებშიც 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას სახელმწიფო უწყებებში 1 სექტემბრიდან შეძლებს.