თეთრი სახლი: ნავალნის გაცვლა რუსეთთან შეთანხმების ფარგლებში იგეგმებოდა
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის კოლონიაში გარდაიცვალა, რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების ნაწილი უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალივანმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა „პარტნიორებთან ერთად იმუშავა შეთანხმებაზე, რომელიც ალექსეი ნავალნის შეეხებოდა“.
„სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ნავალნის გაცვლის შესახებ შეთანხმებაზე ადრე მისი პოლიტიკური თანამებრძოლები საუბრობდნენ.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა. როგორც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა, ამ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები.