არჩილ გორდულაძე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: მთავარი კითხვა ახლა არის, რატომ მალავენ ოპოზიციონერები და ოპოზიციური ტელევიზიები ამ საქმეს
“მთავარი კითხვა ახლა არის, რატომ მალავენ ოპოზიციონერები და ოპოზიციური ტელევიზიები ამ საქმეს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით.
„მთავარი კითხვა ახლა არის, რატომ მალავენ ოპოზიციონერები და ოპოზიციური ტელევიზიები ამ საქმეს და თითქოს, არც აინტერესებთ, როდესაც საქმე ეხება მომზადებას ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულის, როგორიც არის ტერორიზმის საქმე და განსაკუთრებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.