თურქეთში Instagram დაიბლოკა

თურქეთის კომუნიკაციების სამმართველომ 2 აგვისტოდან სოციალურ ქსელ Instagram-ზე წვდომა დაბლოკა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.

როგორც თურქეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა გაზეთმა Sabah-მა დაწერა, სოციალური ქსელი დაიბლოკა თურქი მომხმარებლების პოსტების წაშლის საპასუხოდ, რომლებიც „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამდნენ.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც თურქეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ფაჰრეთინ ალთუნმა პლატფორმა Meta გააკრიტიკა, რადგანაც ის ჰანიეს დაღუპვის გამო სამძიმრის პოსტების გამოქვეყნების საშუალებას არ იძლევა.

დასავლელი მოკავშირეებისგან განსხვავებით, თურქეთის ხელისუფლება „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მას „განმათავისუფლებელ მოძრაობას“ უწოდებს.

ჰანიეს დაღუპვასთან დაკავშირებით 2 აგვისტოს თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა, ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

სიტყვის თავისუფლების ასოციაციის ინფორმაციით, 2022 წლიდან თურქეთში ასიათასობით სხვადასხვა დომენი დაიბლოკა. 2007-2010 წლებში ქვეყანაში YouTube იყო დაბლოკილი.

ასევე იხილეთ