შემოსავლების სამსახური 208 ვაკანსიაზე სტაჟირების კონკურსს აცხადებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, ახალგაზრდა, ენერგიული და მოტივირებული ადამიანური რესურსის მოზიდვის მიზნით, 2 აგვისტოდან, უწყების სტრუქტურულ ერთეულებში (საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, ანალიტიკური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი), მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა 208 ანაზღაურებადი სტაჟიორის მისაღები კონკურსი. განაცხადი გამოქვეყნებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ-გვერდზე https://www.hr.gov.ge/
სტაჟირების ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს და სწავლება სექტემბრიდან დაიწყება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულს, რომელმაც 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა.
შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/, ხოლო ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი მოსწრების კანდიდატს.
აქვე გაცნობებთ, რომ სტაჟირების კანდიდატს – არ ევალება ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა, მან უნდა მიუთითოს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან ქულათა მაჩვენებელი. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას განახორციელებს შემოსავლების სამსახური აპლიკანტის მიერ, მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს აპლიკანტს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა. მსურველმა, ასევე უნდა ატვირთოს პირადობის მოწმობის ასლი და შეავსოს სამოტივაციო წერილი.
შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდება – საბუთების გადარჩევა და საკონკურსო კომისიის წევრებთან გასაუბრება.
აღსანიშნავია, რომ სტაჟიორად მიღების შემდეგ, სასწავლო პროცესთან სტაჟირების შეთავსების მიზნით, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სპეციალური დასწრების გრაფიკით ისარგებლოს.
სტაჟირების ანაზღაურება არის კანონმდებლობით (საჯარო სამსახურში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი) განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობა და შეადგენს 598 ლარს, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის და აუდიტის დეპარტამენტის სტაჟიორებისთვის განსაზღვრულია 1330 ლარი (ვინაიდან ეს პროფესიები მიეკუთვნებიან შრომის ბაზარზე იშვიათ, დეფიციტურ და მაღალანაზღაურებად პროფესიებს).
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
- იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
- მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- თუ სტაჟირების მსურველ პირს შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
შემოსავლების სამსახური ყველა სტაჟირების მსურველს წარმატებას უსურვებს კარიერულ წინსვლასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.