გურამ თუშიშვილი დიკვალიფიკაციის გამო ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას და მას სულამანიძე ჩაანაცვლებს
ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. ქართველმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო, მაგრამ ვაზარი გაუშვა და ნახევარფინალის საგზური რინერმა მოიპოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძიუდოს საერთასორისო ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილის სასჯელი ეხება მთლიანად ოლიმპიურ თამაშებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებას. ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე მონაწილეობაც, სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
გუნდურ შეჯიბრებაში კი, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტს, რომენ დიკოს შეხვდა. ქართველი ფრანგ ძიუდოისტთან გაფრთხილებებით დამარცხდა.
ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.