დღეს ძიუდოში ოქროს მედლები ტედი რინერმა და ბეატრის სოუზამ მოიპოვეს
პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოში ინდივიდუალური ტურნირი დასრულდა. მძიმე წონით კატეგორიაში მამაკაცთა შორის ოქროს მედალი ფრანგმა ტედი რინერმა მოიპოვა, ხოლო ქალთა შორის – ბრაზილიელმა ბეატრის სოუზამ.
რინერმა შეჯიბრების ფინალში სამხრეთკორეელი მინჯონ კიმი იპონით დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი მესამედ გახდა. 35 წლის ფრანგი ამ მაჩვენებლით იაპონელ ტადაჰირო ნომურას გაუთანაბრდა. ტედი რინერმა ოლიმპიური თამაშები 2012 და 2016 წელსაც მოიგო, ხოლო 2008 და 2020 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ტოკიოში მან ოქროს მედალი გუნდურ ასპარეზობაშიც მოიპოვა.
მამაკაცთა შორის მძიმე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებს ტაჯიკი ტემურ რახიმოვი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაეუფლნენ.
მძიმე წონით კატეგორიაში ჩატარებულ ქალთა ფინალში ბრაზილიელმა ბეატრის სოუზამ ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერშკოს ვაზარით სძლია, რითიც 26 წლის ძიუდოისტი ოლიმპიური ჩემპიონი პირველად გახდა. ბრინჯაოს მედლებს კი სამხრეთკორეელი ჰაიუნ კიმი და ფრანგი რომან დიკო დასჯერდნენ.
პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ინდივიდუალურ ასპარეზობაში არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე იაპონია გავიდა – აზიელებმა სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს. მეორეზე ორი ოქროს მედლით აზერბაიჯანელები გავიდნენ, მესამეზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედლით ფრანგები არიან, ხოლო საქართველო ერთი ოქროსა და ორი ვერცლის მედლით მეოთხეა.
ხვალ, 3 აგვისტოს ძიუდოში გუნდური ასპარეზობა დაიწყება. საქართველოს ნაკრები განთესილია და გამოსვლას მერვედფინალიდან იწყებს, სადაც ჩვენი გუნდი უნგრეთსა და იტალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს მეტოქე, სავარაუდოდ, საფრანგეთი იქნება.