კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატებისგან მოიპოვა საკმარისი რაოდენობის ხმები, რათა საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატებისგან მოიპოვა საკმარისი რაოდენობის ხმები, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში ნომინაცია მიიღოს. ამის შესახებ განცხადება დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმი ჰარისონმა გააკეთა.
თავად კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატობა და დასძინა, რომ ის ნომინაციას ოფიციალურად მომავალ კვირას მიიღებს.
დელეგატებმა ნომინაციისთვის კენჭისყრა პირველ აგვისტოს დაიწყეს, პროცესი კი 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
ოფიციალურად დასახელების შემდეგ კამალა ჰარისი გახდება პირველი ფერადკანიანი ქალი და პირველი აზიელი ამერიკელი, რომელიც იქნება აშშ-ის მთავარი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.