ვოლოდიმირ ზელენსკი: “F-16”-ები უკრაინაშია, ვამაყობ ჩვენი ყველა ჯარისკაცით, რომლებიც ეუფლებიან ამ თვითმფრინავებს და უკვე დაიწყეს მათი გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის

უკრაინამ „F-16“-ის ტიპის 79 თვითმფრინავიდან ათი მიიღო. 2024 წლის ბოლომდე უკრაინას კიდევ 20 ასეთი თვითმფრინავი უნდა მიეწოდოს. გამოცემა „ეკონომისტის“ ცნობით, დანარჩენი თვითმფრინავები, რომელთა გადაცემასაც უკრაინას ე.წ. „გამანადგურებელთა კოალიცია“ დაჰპირდა, ქვეყანაში 2025 წლის განმავლობაში ჩავა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „F-16“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღება დაადასტურა.

„გავმართეთ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება ჩვენი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ხშირად გვესმოდა პასუხი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ახლა ეს რეალობაა, „F-16“-ები უკრაინაშია. მე ვამაყობ ჩვენი ყველა ჯარისკაცით, რომლებიც ეუფლებიან ამ თვითმფრინავებს და უკვე დაიწყეს მათი გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ საჰაერო ბაზის მონახულებისას.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომელთაც დააკმაყოფილეს კიევის მოთხოვნა თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ თვითმფრინავების, გაწვრთნილი მფრინავების რაოდენობა, რაც ახლა უკრაინას გააჩნია, საკმარისი არ არის.

ასევე იხილეთ