მაია ომიაძე: CCTV-ის დოკუმენტური ფილმები ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოში მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოიყვანს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე  ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV  გადამღებ ჯგუფს შეხვდა.  მაია ომიაძემ CCTV-ის ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო. მსოფლიოში ყველაზე  მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფება.

„ჩვენ ვმასპინძლობთ ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მედია საშუალებას CCTV-ის, რომელიც როგორც ჩინურ, ასევე ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს. CCTV-ის წარმომადგენლები ეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულტურასა და ღვინოს. მოგვიანებით მოამზადებენ 5 დოკუმენტურ სერიალს საქართველოს შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში CCTV-ის ეთერით, სოციალური ქსელებით, ონლაინ პლატფორმებით გავრცელდება. მიგვაჩნია, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას, რაც საქართველოში მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოიყვანს“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში მოგზაურობენ და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმებს ამზადებენ.

„საქართველოში დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ვართ, ჩვენი მიზანია ჩინელ მაყურებელს გავაცნოთ საქართველოს ისტორია, კულტურა, განსაკუთრებით ღვინის კულტურა. ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოში 5-დღიანი გადაღების პერიოდში ძალიან ბევრ ჩინელ ტურისტს შევხვდით და ვფიქრობ ჩვენი დოკუმენტური სერიალი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ვიზიტორის ჩამოსვლას საქართველოში. ვფიქრობ ეთერში გასვლის შემდეგ ძალიან ბევრი ჩინელი გაიგებს საქართველოს შესახებ“, – აცხადებს CCTV-ის პროდიუსერი ლიჰუან ცაი.

CCTV-ის გადაცემა დაეთმობა საქართველოს  საზღვაო და სპა კურორტებს, კულტურას, ბუნებას, ქართულ ღვინოსა და კერძებს.

CCTV-ის აუდიტორია მთელ მსოფლიოში 1.2 მილიარდს აჭარბებს.

ასევე იხილეთ