ნინო წილოსანი: ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს, არც თავისი მიზნებისთვის უღალატია
„აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩეროს.
ნინო წილოსანის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გარკვეული კვლევები აღარ დაფინანსდება, თუმცა, მისი თქმით, ლაბორატორია ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს.
„არის გარკვეული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეწყვეტილი თანხიდან გარკვეული კვლევები აღარ დაფინანსდება ლუგარის ლაბორატორიაში. თუმცა, აუცილებლად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ლუგარის ლაბორატორია, რა თქმა უნდა, იმუშავებს გამართულად და შეასრულებს თავის ფუნქციას. თუმცა კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, რომ თუ ეს დახმარებები უანგარო იყო, რეალურად, რასაც ამდენი ხანი გვაჯერებდნენ, რა მოხდა მაშინ. ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს, არც თავისი მიზნებისთვის უღალატია.
ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ამ დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად. ეს ოპოზიციისთვის ელემენტარული „გამოსაკვები“ იქნება, რომ მათ დღის წესრიგი ააწყონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა