გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში 2024 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ, მათ შესაბამისი პრიზები მინისტრმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გადასცეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა – ნოდარ პაპუკაშვილმა და გელა გელაძემ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე წულაძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა და ფაკულტეტების დეკანებმა.
კურსდამთავრებულებისთვის ღონისძიების დაწყებამდე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში სამახსოვრო სურათები გადაეღოთ, ხოლო გამოსაშვები ცერემონიის შემდგომ კუს ტბაზე გაიმართა წვეულება, სადაც ახალგაზრდების გართობაზე სხვადასხვა მუსიკალურმა ჯგუფმა იზრუნა.
აღსანიშნავია, რომ წელს თსუ 3600-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის FIBAA და ABET საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე და 27 უცხოენოვან პროგრამაზე, 26 000-მდე სტუდენტი სწავლობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამოშვება 1922 წელს ჰყავდა. ამ დროის განმავლობაში, თსუ 300 ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. ახალ 2024-2025 სასწავლო წელს თსუ 8200-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.