მიხეილ სარჯველაძე: არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის მიერ შეჩერებული დახმარების გამო, ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წყვეტს მუშაობას.

„ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“,-გააცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან მოუწოდა ოპონენტებს, ნუ გამოიყენებენ გარკვეულ საკითხებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას.

„საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არც ერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება“,-განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შეფერხება არც ერთ პროექტს არ ჰქონდეს.

ასევე იხილეთ