თემურ ქეცბაია: სიამოვნებით ვუერთდები ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებას!

ვეტერანი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ელჩად დასახელდა. ამის შესახებ თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში წერს.

„სიამოვნებით ვუერთდები ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებას და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის ტურნირის ელჩი ვიქნები.

ჩვენი საკლუბო თუ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის დარასელიას თასი საკვანძო როლს თამაშობს და შემთხვევითი არ არის, რომ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები სავსეა იმ ფეხბურთელებით, ვინც ამ ტურნირზე გამოიჩინა თავი.

დარასელია, თავისი ღვაწლით, ქართული ფეხბურთის წინაშე იმსახურებს, რომ ამ ტურნირს ჰქონდეს შესაბამისი მასშტაბი და მხარდაჭერა. მიხარია, რომ „დინამო თბილისის“ და თბილისის „ლოკომოტივის“ 16 წლამდე გუნდებთან ერთად, ტურნირში ევროპული გრანდები მიიღებენ მონაწილეობას.

ახალი თაობა, გულშემატკივარი, მომავალი ფეხბურთელები კიდევ უფრო ახლოს უნდა იცნობდნენ ვიტალი დარასელიას, მის ისტორიას. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ასეთ წარმატებამდე მისვლა მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით და საკუთარი საქმის დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი.

ტურნირის ფარგლებში, ჩართული ვიქნები გუნდებთან, მოზარდ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან კომუნიკაციაში. ურთიერთობა მექნება გულშემატკივართან, მედიასთან, ქართველ და უცხოელ მენეჯერებთან, სელექციონერებთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მასშტაბი კიდევ უფრო გაფართოვდეს და დარასელიას თასი, რეგიონის საუკეთესო ტურნირიდან, ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ ტურნირად იქცეს.

Sports Orient მადლობა ნდობისთვის და ტურნირის ორგანიზებისთვის“, – წერს თემურ ქეცბაია.

ასევე იხილეთ