საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოდან დაიწყება
საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოდან დაიწყება. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნავენ, ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება TKT.GE-ზე.
ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შემოდგომაზე კიდევ ორი საშინაო მატჩი გაიმართება. 14 ოქტომბერს საქართველო ალბანეთს ისევ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო 16 ნოემბერს საქართველო-უკრაინის თამაში შედგება ბათუმის აჭარაბეთ არენაზე.
რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ კითხვას, თუ რატომ არ გაიმართება თბილისში დაგეგმილი შეხვედრები დინამო არენაზე, რომელიც მეტ გულშემატკივარზეა გათვლილი, ფეხბურთის ფედერაციის განმარტებით, დინამო არენას ადმინისტრაციამ მათ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პერიოდში სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდული იქნება.
„შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება, ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.