დავით მუჯირი: „მილანი“ ვარსკვლავებით ჩამოდის, თბილისში იქნებიან კაკა, კაფუ, კოსტაკურტა, რივალდო, ზეედორფი

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების მატჩის შესახებ, რომელიც 21 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

„ვიმყოფებით „მილანის“ მუზეუმში, რომლის მიერ ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგებაში დიდი წვლილი კახა კალაძეს მიუძღვის. რაც შეეხება „მილანთან“ თამაშს – ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული წელიწადი გვაქვს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშეთ და ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ ერთი საჩუქარი გაგვეკეთებინა. „მილანის“ გარდა სხვა კლუბს არც განვიხილავდით, ვისთანაც ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – კახა კალაძემ „მილანის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

ვარსკვლავების მიწვევა გვსურდა და 21 სექტებერს „მილანის“ და ქართველი ლეგენდების მატჩი გაიმართება. ჩვენი გუნდის მწვრთნელი ნაკრების ყოფილი წევრი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. სათამაშოდ კი ყველა იმ ფეხბურთელს მოვიწვევთ, რომლებიც ქართველ გულშემატკივარს წლების განმავლობაში ახარებდა.

შეხვედრას ყველა სათანადო ფორმაში უნდა შეხვდეს, რადგან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. „მილანი“ კი ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობით ჩამოდის. ამჟამად შეგიძლიათ დაგიდასტუროთ, რომ ჩამოდიან კაკა, კაფუ, კოსტაკურტა, რივალდო, ზეედორფი.

ფედერაცია შეეცდება, კიდევ ისეთივე მასპინძლები ვიყოთ, როგორც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე და ყველა სხვა ღონისძიებაზე. საბოლოოდ ჩვენი მიზანია თბილისის მერიასთან ერთად ჩვენს ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 7 სექტემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრები დაუბრუნდება ქართველ გულშემატკივარს და ერთა ლიგაზე გამოსვლას თბილისში ჩეხებთან მატჩით დაიწყებს“, – ამბობს დავით მუჯირი.

იტალიელი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 21 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე, ძმები არველაძეები, დავით მუჯირი, ხოლო ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება.

ასევე იხილეთ