რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა
რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.
კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ღამით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა.
„ბრიანსკის ოლქში დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების დონის გაზრდის გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა შემოღებული“, – წერს რუსული გამოცემა.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მცდელობის შესახებ გამოაცხადა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. 7 აგვისტოს კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.
ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა.