მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილზე: ის ჩართულია აქტიურ, პოლიტიკურ დებატში მმართველ ძალასთან – ის იქცა ჩვეულებრივ ოპოზიციონერად
“პრეზიდენტი აშკარად ცდილობს, რომ სამწუხარო ფაქტი და გარემოება საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს”, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებაზე.
როგორც მინისტრმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით დესტრუქციული კონტექსტი ხელოვნურად შექმნას და ამ დესტრუქციულ კონტექსტში საკუთარი ქულების დაწერა მოახერხოს.
„ზურაბიშვილს უკვე აღარაფერი აქვს საერთო ზეპარტიულ პრეზიდენტობასთან. მან დაკარგა ყოველგვარი განცდა იმისა, რომ ის შეიძლება იყოს ზეპარტიული. ის ჩართულია აქტიურ, პოლიტიკურ დებატში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. ის ამით იქცა ჩვეულებრივ ოპოზიციონერად, რომელიც არაფრით განსხვავდება ნებისმიერი ოპოზიციის ფლანგზე მოღვაწე პოლიტიკოსებიდან“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.