ირაკლი ჩიქოვანი: დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო

დიდგორის ბრძოლიდან 903 წელი გავიდა. დიდგორის ველზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა დღესასწაული მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური წარმატება, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას. დიდგორის ბრძოლა ქართველი კაცის სიმამაცის, სამხედრო ნიჭიერების, სამშობლოსთვის თავგანწირვისა და უდიდესი რწმენის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლა არა მხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელიც დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის ეტაპობრივი გაძლიერებისკენ იყო მიმართული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლის – „ძლევაი საკვირველის“ მთავარი საფუძველი ეროვნული კონსოლიდაცია, გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა,  ქართული ჯარისა და ეკონომიკის განვითარება იყო.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულების განმტკიცება და საზოგადოების სრული კონსოლიდაცია.

„დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, ავაშენოთ  ძლიერი, ხანგრძლივ მშვიდობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე იხილეთ