ბექა ოდიშარია: ჰელსინკის ჯგუფი მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს, ეს არის ცინიზმის მწვერვალი!

x

არ ვიცი, რა ამოცანები და მიზნები აქვს ჰელსინკის ჯგუფს, როდესაც მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

ოდიშარიას შეფასებით, ეს „წარმოუდგენლად უსამართლო“ განცხადებაა.

„ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისთვის და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისათვის, რომელიც სწორედ ქოლ-ცენტრებთან არის დაკავშირებული. კარგად გახსოვთ ჩვენი აქტიური მოქმედებები ევროპოლთან, გერმანიის პროკურატურასთან გამოვლენილი დანაშაულები, დამნაშავეები, კეზერაშვილზე მომზადებული „ბიბისის“ ფილმი. „ბიბისი“ არ არის „ტვ პირველი“, „მთავარი“, ან „ფორმულა“, ეს არის უდიდესი სანდოობის მქონე მედიაპლატფორმა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, გერმანელ პროკურორებთან ერთად, პარალელურად აწარმოეს გამოძიება და პირდაპირ ხელი დაადეს, მისტერ ოფშორი უწოდეს. მხარი ხომ არ ეცვალათ შემთხვევით? პირდაპირ ზედაპირზეა „ნაციონალური მოძრაობის“, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, მისი მედიასაშუალების დამფინანსებლის მიერ ჩადენილი დანაშაული. ის დადანაშაულებული იქნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური მედიაპლატფორმის, „ბიბისის“ მიერ, ისევე როგორც ევროპელი სამართალდამცავების მიერ.

ეს ყველა დანაშაული პირდაპირ სარკისებური ეფექტით გადააბრალო იმ ხელისუფლებას, რომელიც ევროპულ ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობს ასეთი ტიპის დანაშაულის აღკვეთისა და გამოვლენისთვის? ასეთივე ტიპის უტიფარი განცხადებები იყო ჩვენი მეხუთე კოლონის და „ენჯეოების“, ასევე ზოგიერთი ევროპელი ვაიპოლიტიკოსების და ვითომ საქართველოს მეგობრების მხრიდან, თითქოს საქართველო იყო რაღაც ხვრელი, რათა თავი აერიდებინათ სანქციებისათვის და რუსეთისათვის საბრძოლო მასალასთან გათანაბრებული გარკვეული საგნები მიგვეწოდებინა. მადლობა ღმერთს, ჩამობრძანდნენ სანქციებთან დაკავშირებული უმაღლესი თანამდებობის პირები, აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის, თავად გაეცნენ ადგილზე ვითარებას და ესეც გაბათილდა.

არ ვიცი, ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. თავს ვიკავებ, მათი საქციელი უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო. ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთიც აქვთ და მეორეც, უბრალოდ სულ სხვა მიზანი აქვთ. მიზანი ნათელია, საქართველო რამენაირად იყოს დადანაშაულებული, მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება შეიცვალოს და ხელისუფლებაში მოვიდეს ხელის ბიჭების, გოგოების ხროვა, რომელიც გარედან ნაბრძანებ ნებისმიერ დავალებას შეასრულებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, რა შეფასებას გააკეთებდა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

„ნათია მეზვრიშვილს უამრავი დრო ჰქონდა ხელისუფლებაში, ძალიან დაახლოებული იყო იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ გახარიასთან და მესიჯბოქსი იყო სრულიად სხვაგვარი. ამ ხალხის ტრანსფორმაცია არის ძალიან უხეში. გაიჯახუნეს კარი და არ გასულა ერთი დღე, მწვავე ოპოზიციონერები გახდნენ. ყველას კარგად ახსოვს, ვინ რით იყო დაკავებული და რაიმე კომისიის ინიცირება თუ სურდათ, ეგერ იყო გახარიაც და მისი ახალგაზრდა გახარიელები, გოგონებიც და ბიჭუნებიც. მაშინ დაესვათ ეს საკითხი ასე მკვეთრად. კეზერაშვილთან დაკავშირებით თუ არ ჰქონდათ ასეთი პროტესტი, ახლა გაუჩნდათ ჰელსინკის ჯგუფის განცხადების შემდეგ? როგორც მოგახსენეთ, თავს ვიკავებ შეფასების გაკეთებისგან გაუაზრებელ, გაუთვითცნობიერებელ, არაინფორმირებულ ან სპეციალურად, ვერაგულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ახლა გამოსკუპდებიან და მოითხოვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას. საქართველოში ასეთი დანაშაული არ არის ხელდასხმული საქართველოს ხელისუფლების მიერ, ეს დამტკიცდა არაერთხელ როგორც ევროპოლთან, ისე გერმანულ პროკურატურასთან, პროკურორებთან თანამშრომლობით. გვირგვინი დაასვა და წერტილი დაუსვა „ბიბისის“ საგამოძიებო ჟურნალისტურმა ფილმმა, სადაც მკაფიოდ ითქვა, ვინ არის ქოლ-ცენტრების უკან და ვინ არის მისტერ ოფშორი. ეს არის კეზერაშვილი, რომელიც აფინანსებს ყველა ოპოზიციურ მედიაპლატფორმას, ტელევიზიად წოდებულ აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებებს და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ