ვახტანგ ცინცაძე: ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური აქტივობა – ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა
მიმდინარე წლის ივლისის თვეში ექსპორტის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი დაფიქსირდა და 30% შეადგინა, – საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებული ტენდენციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ შეაფასა. მისი ინფორმაციით, ასევე რეკორდულია ექსპორტის მოცულობა, რომელმაც ივლისში 682 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, „საქსტატის“ ექსპრეს მონაცემებით, 2024 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,102.5 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.6%-ით მეტია და ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. რაც შეეხება 2024 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ბრუნვის მაჩვენებლებს, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ის ასევე რეკორდული იყო და 12.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„ყოველივე ზემოთაღნიშნული, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში გრძელდება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც შესაბამისად აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ასევე თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდაში“, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე. ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ არსებული, პოზიტიური ეკონომიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგად ქვეყანაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიმდინარე მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და წარმოების ხელშეწყობაზე, ხოლო მეორე მხრივ საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და აღნიშნული პროცესი წარმატებით გრძელდება“, – აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.
მნიშვნელოვანია, რომ ივლისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც, რაც იმპორტთან შედარებით ექსპორტის უფრო მაღალ ზრდას უკავშირდება. სავაჭრო დეფიციტმა 2024 წლის ივლისში 737.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 2023 წლის ივლისთან შედარებით 59.9 მლნ აშშ დოლარითაა გაუმჯობესებული.