საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ხორვატია 90:81 დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.
ქართველმა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი 9 ქულით დათმეს, თუმცა მეორე მეოთხედიდან უფრო შედეგიანები იყვნენ და დიდ შესვენაბზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 46:46.
მატჩის მესამე მეოთხედიც თანაბარი გამოვიდა და ნიკოლოზ ცინცაძის შეგირდებმა გადამწყვეტი უპირატესობა უკანასკნელ მეოთხედში მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო მათე ყავლაშვილი იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, მან 9 დან 6 სამქულიანი გამოიყენა. 14 ქულა ჰქონდა ილია სულაძეს, ხოლო მათე ხატიაშვილს – 13.
ქართველი კალათბურთელები ხვალ, 17 აგვისტოს პოლონეთს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში A დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებენ.