გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა – „უოტფორდმა“ „სტოკ სიტი“ დაამარცხა
გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გამოიჩინა თავი „უოტფორდში“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სტოკ სიტი“ 3:0 დაამარცხა.
ინგლისის ჩემპიონშიფის მეორე ტურის შეხვედრა ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 83 წუთი ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 8,2 მიიღო. უფრო მაღალი ქულა მხოლოდ ედო კაიემბეს (9.0) დაუწერეს.
უგოლოდ დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, ყველაფერი მეორე ტაიმში გადაწყდა. „უოტფორდმა“ დიდი ძალებით შეუტია და მიზანს მიაღწია. ანგარიში ედო კაიემბემ 47-ე წუთზე გახსნა, ორ წუთში კი რაიან ენდრიუსმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა 73-ე წუთზე მიიღო, როდესაც მასპინძლებმა მესამე ბურთი გაიტანეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის საგოლე გადაცემით თავი ისევ კაიემბემ გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ინგლისის ჩემპიონშიფში გამართული ორი ტურის შემდეგ „უოტფორდი“ ექვსი ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ პირად ანგარიშზე, გოლის შემდეგ, საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.