ავსტრიის ბუნდესლიგაში კიტეიშვილმა გაიტანა – „შტურმმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმს“ „კლაგენფურტთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:0.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა მოირჩინა, მესამე ტურის შეხვედრაში გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა.
დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 63-ე წუთზე „კლაგენფურტმა“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ცვეტკომ არაზუსტად დაარტყა. 71-ე წუთზე კი პენალტი „კლაგენფურტის“ კარში დაინიშნა, რომელიც კიტეიშვილმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა. 90+8-ე წუთზე მიკა ბირითიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სამი ტურის შემდეგ „შტურმი“ ექვსი ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა.