ლაშა გურული: გრიგალაშვილის მიერ ვერცხლის მედლის მოპოვებამ ჩვენს ხასიათზე იმოქმედა. შემდეგ ბექაურმა გაიმეორა თავისი მაგარი, დაწერილი ისტორია. ჩემი აზრით, ეს ყველაზე აისახა

„ძალიან ბევრი დაბრკოლება მქონდა, ბევრი უსამართლობა, ბევრი წარუმატებლობა, სუსტიც ვიყავი, მაგრამ რომ მინდოდა და მჯეროდა, აქედან გამომდინარე, ყველა დაბრკოლება გადავლახე”, – განაცხადა ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანმა, ლაშა გურულმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, კრივზე სრულიად შემთხვევით, 5 წლის ასაკში მოხვდა.

გურულმა აღნიშნა, რომ მისთვის დამატებითი მოტივაცია პარიზის ოლიმპიადაზე გრიგალაშვილის მიერ ვერცხლის, შემდეგ კი ბექაურის ოქროს მედლების მოპოვება გახდა.

„ოლიმპიადაზე ჩვენი ქართველების გამოსვლა წარუმატებლობით დაიწყო. ამასობაში გავიდა გრიგალაშვილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამან ჩვენს ხასიათზე იმოქმედა. შემდეგ უკვე გავიდა ბექაური და გაიმეორა თავისი მაგარი, დაწერილი ისტორია. ჩემი აზრით, ეს ყველაზე აისახა.

ჩემს თავს ერთადერთი ვუთხარი, უნდა მოვემზადო ისე, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ არ ვთქვა, შემეძლო უფრო მეტად მოვმზადებულიყავი. სწორ დროს სწორი ეტაპი უნდა გაიარო, რაც არის მომზადება და შემდეგ, როცა მზად ხარ, მერე ყველაზე მთავარია ფსიქოლოგია“, – განაცხადა გურულმა.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 2008 წლის შემდეგ ქვეყანამ პირველად მოიპოვა სამი ოქროს მედალი. ამასთან, მედლების საერთო ჩათვლაში, ისტორიაში პირველად 24-ე ადგილი დაიკავა.

ასევე იხილეთ