რუსეთში ჯორჯ კლუნის ფონდი „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოცხადდა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის – „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ – საქმიანობა „არასასურველად“ გამოაცხადა.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, ფონდი ახორციელებს „რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართულ სამუშაოს“ და მხარს უჭერს „ცრუ პატრიოტებს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა“, ასევე აკრძალული ექსტრემისტული გაერთიანებებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წევრებს.

„ჰუმანიტარული იდეების საფარქვეშ ორგანიზაცია ხელს უწყობს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივებს, საჯაროდ ავრცელებს უარყოფით ფსევდოექსპერტულ შეფასებებს უცხოური აგენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ 2016 წელს ნიუ-იორკში მსახიობმა ჯორჯ კლუნმა და მისმა მეუღლემ, ადამიანის უფლებათა ადვოკატმა ამალ კლუნმა დააარსეს. ორგანიზაციის ოფიციალური მიზანია ბრძოლა სამართლიანობისთვის და პასუხისმგებლობის მოთხოვნა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ფონდი მუშაობს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. ის უკრაინაში მომხდარ ომის დანაშაულებს იძიებს.

ასევე იხილეთ