ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინას ნატოში გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიებითაც შეუძლია
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატოში შეიძლება, მიიღონ მაშინაც კი თუ მისი ტერიტორიების ნაწილი კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„არ ვფიქრობ, რომ მთელ ტერიტორიაზე კონტროლის სრულად აღდგენა აუცილებელი პირობა იყოს. თუ იქნება დემარკაცია, თუნდაც რაიმე სახის ადმინისტრაციული საზღვრის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს, როგორც დროებითი და მივიღოთ უკრაინა ნატოში იმ ტერიტორიით, რომელსაც ის აკონტროლებს იმ მომენტისთვის“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პაველმა გაიხსენა, რომ გერმანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1955 წელს მიიღეს, თუმცა ქვეყნის ნაწილი საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული იყო.
„ამიტომ, ვფიქრობ, არსებობს გამოსავალი, როგორც ტექნიკურად, ასევე იურიდიულად, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოხდეს რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გარეშე“, – დასძინა მან.