თელავში „რთველი 2024“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი, დაახლოებით, 300 ათასი ტონას შეადგენს.
„ჩვენ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გამოვაცხადეთ პრიორიტეტად და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩავდეთ ამ დარგის განვითარებისთვის. კონკრეტული შედეგები გვაქვს სახეზე და ეს არის გამოხატული როგორც ვენახების ფართობების, ასევე ღვინის ექსპორტის ყოველწლიურ ზრდაში. წელსაც, 7 თვის მონაცემებით, 20%-იანი ზრდა გვაქვს. შარშან გვქონდა რეკორდული ექსპორტი; შემოსავლის კუთხით წელს ველოდებით, რომ მევენახეების შემოსავალი იქნება რეკორდული, დაახლოებით 350 მილიონი. ამ პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა არის ის, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რქაწითელის ჯიშის სუბსიდირებაზე. ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარდეს რთველი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა მევენახეებსა და მეღვინეებს რთველის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს და ყურძენი სრულად დაბინავდეს.
ოთარ შამუგიამ ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქართული ღვინის ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ქარხნებმა კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი ჩაიბარონ. სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც, საბოლოოდ, ფასზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე ისახება.
შტაბის გახსნას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები გელა სამხარაული და ირაკლი ქადაგიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს. რთველის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.