ოთარ შამუგია ყურძნის მისაღებად საწარმოების მზადყოფნას კახეთში ეცნობა
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და დაახლოებით 300 ათასი ტონას შეადგენს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული კომპანიების, საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3000-ს აღწევს, საიდანაც 500-ზე მეტი საწარმო ყურძნის მიღების პროცესში ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, რთველში რეგისტრირებული იყო ღვინის მწარმოებელი მხოლოდ 40-მდე კომპანია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში „მეღვინეობა ჯობავაში“ იმყოფებოდა. საწარმოს დირექტორის, ბესიკ ჯობავას განცხადებით, 2024 წლის რთველის პერიოდში, საკუთარი ვენახებიდან მიღებულ მოსავალთან ერთად, მევენახე ფერმერებისგან 300 ტონამდე ყურძენს შეისყიდიან და გადაამუშავებენ.
„მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მდებარეობს და წელიწადში 1 200 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით სარგებლობს. სექტემბრიდან, პირველი საექსპორტო პარტია ევროპის ქვეყნების მიმართულებით გაიგზავნება, ხოლო 2025 წლიდან, საექსპორტო ქვეყნებს ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დაემატება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ, 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს, არანაკლებ, 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს.
რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, ქალაქ თელავში, უკვე გახსნილია საკოორდინაციო შტაბი. რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.