„საქართველოს რკინიგზა“: „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ 20 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე!

„საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ სტატიაში  წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრული სიცრუე, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და „საქართველოს რკინიგზის“, როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს  მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.

„თავშივე განვმარტავთ, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა  80 519 105 $ აშშ დოლარის ანაზღაურება, წარმოადგენს აბსურდულ ბრალდებას და არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია შპს „გეორგიას“ მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მომწოდებელ ქარხანად შემოთავაზებული ჰყავდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია სს „ურალსკიე ლოკომიტივი“.  თუმცა, მას შემდეგ, რაც  „საქართველოს რკინიგზისთვის“ ცნობილი გახდა ჰოლდინგი „Синара – Транспортные машины“ (რომლის შემადგენლობაშიაცაა ზემოაღნიშნული ქარხანა) აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ე.წ. სპეციალურ ბლოკირებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე, „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს დადგენილებით შეწყდა ხელშეკრულება და დღეის მდგომარეობით, კონტრაქტორთან არათუ ანგარიშსწორება არ განხორციელებულა, არამედ აღარ არსებობს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა.

 შესყიდვების №GEO230000694 ელექტრონული პროცედურის ფარგლებში  სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „გეორგიას“ შორის 2023 წლის 25 დეკემბერს მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების და თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული ნებისმიერი ელექტრონული ტენდერი თუ პროცედურა არის საჯარო, აბსოლუტურად გამჭვირვალე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებსა და წესებს.

„Liberty Institute/თავისუფლების ინსტიტუტის“ მხრიდან გადაუმოწმებელი, ცრუ და დისკრედიტირებული ინფორმაციის გავრცელება არღვევს ყველანაირ ჟურნალისტურ და ეთიკურ ნორმებს.

შესაბამისად,  „საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ