ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით განმარტავს ცესკო-ს იმ დადგენილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება.

დადგენილების თანახმად, ისევე როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.

პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ცესკო დადგენილების მიღებისას ეყრდნობოდა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს. ასევე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი იყოს კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული, ერთგვაროვანი და  კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს საარჩევნო უბანი დახვდეს მზად. აღსანიშნავია, რომ დადგენილება მიღებულია მაღალი კვორუმით (12 ხმა, მათ შორის  პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრების მხარდაჭერით (4 ხმა)). მიუხედავად ამისა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობენ ცესკოს ამ გადაწყვეტილების უარყოფითად წარმოჩენას და მანიპულაციურ განცხადებებს აკეთებენ.

კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ წელს პირველად პარლამენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 90% ელექტრონული ტექნოლოგიებით მისცემს ხმას და ასეთ საარჩევნო უბნებზე (2262 საარჩევნო უბანი) წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მეშვიდე დღეს იყო გათვალისწინებული, რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართული რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის.

შესაბამისად, დადგენილების  მიღებისას გათვალისწინებული იყო, რომ:

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, საარჩევნო უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს;

მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვნების პრინციპის უზრუნველყოფა, რომ როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე ტრადიციულ უბნებზე წილისყრა განხორციელებულიყო ერთგვაროვნად. წილისყრის პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელება გამოიწვევს არაერთგვაროვნებას და შესაძლოა ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას;

წილისყრის ყველა პროცედურა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოვლენას შეეხება, გამართულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა. მათ შორის იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება და იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.

ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია ჩართული მხარეების მხრიდან აპელირება იმაზე, თითქოს დამკვირვებლები ვერ შეძლებენ წილისყრის პროცედურებზე დაკვირვებას.  საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას – კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის დღემდე პერიოდს, კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდს, მათ შორის დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს. ასევე, როგორც აღნიშნა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების ნაწილის გამოვლენა 2262 უბანზე ისედაც უნდა განხორციელებულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა და ამ თვალსაზრისით დაკვირვება არათუ გართულდება, პირიქით, უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ წილისყრის პროცედურის არა ნაწილს, არამედ მთლიან პროცესს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. ამასთან შევახსენებთ და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, გაითვალისწინონ რომ არჩევნები საერთო საქმეა და უსაფუძვლო განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.

ასევე იხილეთ