კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა 2024 წლის აღწერასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დეტალურად ისაუბრა აღწერის პროცესებთან დაკავშირებით.
ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობისა და მისი შემადგენლობის, ასევე დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო აღწერას, ინფორმაცია შეგროვდება შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებაც.
აღწერას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში დროებით არმყოფი პირები, ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის მიუხედავად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ქვეყანაში მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში.
მოსახლეობის აღწერა საქართველოში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.