„Bloomberg“: თუ დასავლეთი იარაღის გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ მოხსნის, უკრაინის შეტევა კურსკზე უშედეგო იქნება

უკრაინის სამხედრო ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქში უშედეგო აღმოჩნდება, თუ დასავლური პარტნიორები კიევს მათ მიერ მიწოდებული შორი მოქმედების იარაღის გამოყენების ნებას არ დართავენ. ინფორმაციას „Bloomberg“ ავრცელებს.

საქმე ეხება ამერიკული „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის ATACAMS-ის რაკეტებს, ბრიტანულ, ფრანგულ და გერმანულ ფრთოსან რაკეტებს Storm Shadow, SCALP-EG და Taurus, რომლებიც უკრაინას რუსეთის შუაგულში მდებარე ხიდების, იარაღის საწყობების და პირველ რიგში აეროპორტების ეფექტური განადგურების საშუალებას მისცემდა.

თუ უკრაინის შეტევა კურსკის ოლქზე უკრაინის მოკავშირეების აქტივიზაციას გამოიწვევს და დასავლური ქვეყნების ლიდერები მოხსნიან შეზღუდვებს, ოპერაცია განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის პოტენციური სტრატეგიული მიღწევები კურსკის ოლქში გაქარწყლდება. უკრაინა, დიდი ალბათობით, დონბასში მდებარე საკვანძო სატრანსპორტო დასახლება პოკროვსკს დაკარგავს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დაპყრობას გააგრძელებს, ასკვნის სტატიის ავტორი.

ასევე იხილეთ