„გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით. რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ ან რაზე დასწყდათ გული?“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომების გამოყენებას შეეხებოდა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მთავარი სამიზნეა საქართველოში, მათთვის კი N1 ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც გარანტირებული უნდა იყოს.
„ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან რჩება ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების გარანტად. რა თქმა უნდა, არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტების მხრიდან თავდასხმების ობიექტია არა მხოლოდ კრიტიკის თვალსაზრისით, არამედ სამწუხაროა, რომ უკვე დიდი რისკია მასზე ფიზიკური თავდასხმის და სხვადასხვა საშიშროების მიმართულებით. ეს კარგად დაგვანახა მათ შორის საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებმა და პოლიტიკოსებზე იმ თავდასხმებმა, რისი დიდი შესაძლებლობაც არსებობს, რომ საქართველოშიც განმეორდეს გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მათი ნომერ პირველი სამიზნეა, ხოლო ჩვენთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც გარანტირებული უნდა იყოს”, – აღნიშნა წილოსანმა.
ამავე თემაზე საუბრისას, წილოსანმა განმარტა, რომ რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების სპეციალური ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო.
„რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების სპეციალური ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო. გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით. რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ, ან რაზე დასწყდათ გული?“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.