ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა

„ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას.

„ეს არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. რა თქმა უნდა, აქამდე ყველა საპარლამენტო არჩევნები, და არა მარტო საპარლამენტო, ყველა არჩევნები, იყო ერთმანეთზე პრინციპული, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ამ არჩევნებს აქვს ზუსტად ისეთივე დატვირთვა, როგორი დატვირთვაც ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს სწორედ მშვიდობის სასარგებლოდ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში შევძლებთ, საბოლოოდ გადავჭრათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული პრობლემა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად ყოფნის პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ვერ ვითარდება, ქვეყანა არის მუდმივი რისკის ქვეშ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციას წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აგენტურა. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ჩვენი სისტემის თვისობრივი გაჯანსაღება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები. საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება საუკეთესო საფუძველი იმისათვის, რომ ეს პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და წარმატებით დასრულდეს. „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ