ირაკლი კობახიძე: მგონია, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ორი სუბიექტი შევა, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს

მგონია, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ორი სუბიექტი შევა, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერს ოპოზიციის გაერთიანების სტრატეგიასა და ხელისუფლებასთან ერთიანი ცენტრებით დაპირისპირებაზე დაუსვეს კითხვა.

მისი თქმით, ასეთი გაერთიანებების რეალური მიზეზი არის ის, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არცერთ პოლიტიკურ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვს.

„რეალური მიზეზი არის ის, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ გარდა – „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, დაახლოებით 10% რეიტინგი, ორი თვის წინ როცა გაიზომა სოციოლოგიური კვლევით ეს ყველაფერი – არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი და სწორედ ამას უკავშირდება ის გაერთიანების მცდელობები, რასაც ვხედავთ. თუმცა მე, საერთო ჯამში, მაინც მგონია, რომ მხოლოდ ორი სუბიექტი შევა მომავალ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ეს იქნება ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს. საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. ასეც და ისეც, ჩემთვის ეს არ არის მაინცდამაინც საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტებით და თავისი მემკვიდრე პარტიებით. შესაბამისად, ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს თავიდან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს ჯერ 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და შემდგომ 12 წლის განმავლობაში, როცა იყვნენ უკვე ოპოზიციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ