გივი მიქანაძე: დიდი ხანია, საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შესაძლებელს გახდის, ეს დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება ის რეალობაა, რომელსაც საზოგადოება, დიდი ხანია, ითხოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ ეს შესაძლებელს გახდის იმ პროცესების წარმართვას, რომელიც ამ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს.
„ეს არ არის საარჩევნო ტაქტიკა, ეს ის რეალობაა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს. მათი საქმიანობა გასცდა ყველანაირ საზღვრებს იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებმა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არაერთი ნაბიჯი გადადგეს. ამ პროცესებს დღესაც ვხედავთ. ისინი არიან ამ ქვეყნის ერთ-ერთი მუხრუჭი, ქვეყანას კი სწრაფი განვითარება და წინსვლა სჭირდება. სწორედ ამიტომ დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ ყველა კითხვას პასუხი ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს, საზოგადოებამ მიმდინარე პროცესი საჯაროდ იხილოს. სწორედ იმიტომ არის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საჭირო, რომ ეს შესაძლებელს გახდის იმ პროცესების წარმართვას, რომელიც ამ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.