რუსეთის ომის წარმოებაში ხელშეწყობისა და სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარებისთვის, აშშ-მა ასობით კომპანიას სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა ასობით კომპანიას რუსეთსა და მთელ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთისთვის სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაში არიან შემჩნეული, „რაც რუსეთს ომის წარმოებაში და სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება.“
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს შორისა 60 რუსული ტექნოლოგიური და თავდაცვის კომპანია, მათ შორის სამი რუსული ფინანსურ-ტექნიკური კომპანია. ასევე, სანქციები დაუწესდა თურქეთში, საფრანგეთსა და ჰონგ კონგში მდებარე კომპანიებს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც რუსეთში დაფუძნებული პრომტეხის, სატრანსპორტო აღჭურვილობის საბითუმო დისტრიბუტორის და საბრძოლო მასალის შესყიდვის ქსელის მომწოდებლები. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული კომპანიები დაკავშირებულია იტალიისა და თურქეთის მოქალაქეებთან.
ასევე, გამოაშკარავებულია კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთმა საკუთარი ჰაკერების დასახმარებლად შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, ამერიკული სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ 2018 წელს მოხვდნენ.