24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად დეკლარირებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა.
1993 წლის 16 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა და ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც შემდგომ უზენაესი კანონი შეიმუშავა. ჯგუფი სულ 118 წევრისგან შედგებოდა.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“.