ლევან თაქთაქიშვილი: ლადო კეცხოველი დაბრუნდა თავის სახლში!..

ლადო კეცხოველის დაკარგული ძეგლის აღმოჩენისა და მისი ავლაბრის არალეგალური სტამბის ეზოში გადატანის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის უფროსი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

„ეს ძეგლი 1938 წლიდან ამშვენებდა მაშინდელ კომუნარების ბაღს, სწორედ ლადო კეცხოველის ეს ძეგლი უყურებდა ლადო კეცხოველისავე ქუჩას, იმ ქუჩას, რომელზეც წამოჭიმულია ეროვნული ბიბლიოთეკის – ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის – სამი კორპუსი.

დიახ! ლადო კეცხოველის სახელთან იყო დაკავშირებული 1933-1990 წლებში ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკის მისამართი. შემდგომ ქუჩას სახელი გადაარქვეს და ლეგენდარული მხატვრის ლადო გუდიაშვილის სახელი უწოდეს. ამავე ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ სკვერში მარმარილოს ქვა დადეს წარწერით – აქ აღიმართება ლადო გუდიაშვილის ძეგლი!

ათი წლის შემდეგ უცებ ლადო კეცხოველის ძეგლი გაქრა! დიახ, კვარცხლბეკი იდგა ძეგლის გარეშე.

შემდეგ კვარცხლბეკი დაანგრიეს და ლადო გუდიაშვილის ძეგლი დადგეს!

სად წაიღეს თოფურიძის მიერ 1938 წელს დამზადებული ლადო კეცხოველის ძეგლი, არავინ იცოდა!

გადიოდა წლები… ერთ მშვენიერ დღეს ბიბლიოთეკის მკითხველმა თემურ ფიფიამ მესენჯერით ფოტოები გამომიგზავნა, სადაც ერთ-ერთ ეზოში ეს ძეგლი იყო! გვიან ვნახე, რომ დავინტერესდი, მისამართი ვერ დავადგინეთ! ბატონ თემურს აღარ შეუნახავს, მეც მობილურში ვეღარ ვნახე.

გავიდა წელზე მეტი და ერთ მშვენიერ დღეს ფეისბუქის სქროლვისას ამოვარდა პოსტი, სადაც ვიღაც მეორად ავტომობილს ყიდდა! ავტომანქანის უკან ჩანდა ლადო კეცხოველის ჩემთვის სანუკვარი ძეგლი. მივწერე პოსტის ავტორს, რომ მოეცა მისამართი, მაძლევს მისამართს – ნახავ თბილისში, ყაზბეგის გამზირზეო!

მივწერე, რომ მსურდა ის მისამართი, სადაც ფოტო იყო გადაღებული! რად გინდაო? მანქანა ყაზბეგზეაო! მივწერე, რომ მე მინდოდა მანქანის უკან არსებული ძეგლი! დამბლოკა!

მეგობარს ვთხოვე, მიეწერა და აეხსნა, ბოლოს მივიღე მისამართი:

ენუქიძის 12. იმ დღესვე გავფრინდი

ამ მისამართზე. საღამო იყო და ყველა ჭიშკარი დაკეტილი იყო. შევიჭყიტე პირველშივე და… ლადო მიყურებდა!

იქვე არსებულ ტავერნაში ჩემს განუყრელ საჭურველმტვირთავთან ერთად აღვნიშნე ეს ფაქტი! მე მაგელანი ვიყავი თითქოს!

დავუკავშირდით ამ ფართის მფლობელს – კომერციული დაწესებულება აღმოჩნდა. ხელძღვანელი კი ბრწყინვალე პიროვნება – შალვა მარგალიტაძე! სიხარულით გადმოგცემთ ეროვნულ ბიბლიოთეკასო!

მისი გადატანა მთლიანად თავზე აიღო ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა ოქროპირ ჯაყელმა, რომელმაც დაიქირავა უახლესი ტექნიკა და ეს უნიკალური ძეგლი გადატანილ იქნა ავლაბრის არალეგალური სტამბის ეზოში!

ლადო კეცხოველი დაბრუნდა თავის სახლში! ეს სტამბა მისი ორგანიზებით აშენდა! ის ვერ მოესწრო მის დასრულებას, მაგრამ ის აშენდა მისი მოძებნილი არალეგალურად მომუშავე ტიპოგრაფების მიერ!

იმედია, აქ აღარ შეაწუხებენ!

ის არასოდეს იყო საბჭოთა იდეალებთან დაკავშირებული, კომუნისტური პარტია ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, არც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო გამოყოფილი მარქსისტული ჯგუფიდან!

ლადო კეცხოველი იყო ცარიზმის დაუძინებელი მტერი! მისი სიკვდილი იყო მაგალითი რუსეთის ჟანდარმერიის შოვინისტური სულისა, რომლის საწინააღმდეგოდ აღსდგა მთელი კავკასია 1905 წელს!

ლადო კეცხოველის სუფთა სახელი ყველას სურდა გამოეყენებინა, აქეთ სოციალ-დემოკრატებს ჟორდანიას ხელმძღვანელობით, იქით კი – ბოლშევიკურ ფრთას!

ავლაბრის არალეგალური სტამბა ნამდვილად არის პირმშო ლადო კეცხოველისა! დღეიდან იქ მისი ძეგლი შეხვდება დამთვალიერებლებს!“ – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

ასევე იხილეთ